ზალცბურგი ძველებური, ევროპული ქალაქია. ტურისტებს ზალცბურგი ვიწრო ქუჩებითა და უძველესი შენობების ფასადებით იზიდავს. აქ ჩვეულ მუზეუმებთან და გალერეებთან, რამდენიმე ინტერაქტიულ ექსპოზიციას შეხვდებით. ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტია. ადგილი სადაც ის დაიბადა ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა. ვირტუოზი კომპოზიტორის პატივსაცემად აქ არა მხოლოდ ქუჩებს, მოედნებსა და გამოფენებს, არამედ კაფეებს, მაღაზიებსა და ლიქიორებსაც კი არქმევენ სახელს.
ალპების ძირში გაფენილი ზალცბურგი სიდიდით ავსტრიის მეოთხე დასახლებული პუნქტია. ქალაქი შესანიშნავი პეიზაჟებითა და ბაროკოს არქიტექტურით გამოირჩევა. მისი ისტორია, ისევე როგორც სახელწოდება მარილის საბადოს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, მისიონერი წმინდა რუპერტი შუა საუკუნეების პერიოდის ამ ღირებული პროდუქტის მოპოვებით იყო დაკავებული. მას შემდეგ ის ზალცბურგის მფარველი გახდა. მარილი ქალაქის სახელწოდებაში გამოიყენეს. მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობები ძირითადად ძველ ქალაქშია თავმოყრილი, რომელსაც იუნესკო იცავს.