ჩრდილოეთის ქვეყნების მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მგელი, ბევრისთვის სიამაყისა და თავისუფლების სიმბოლოდ ითვლება, უძველესი სკანდინავიელი მეომრები კი, საზრიან და მოხერხებულ ცხოველს საკუთარ წინაპრად მიიჩნევდნენ და განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. თუმცა, ლეგენდები მარტოხელა მგლის გამბედაობას და თავგანწირულ ბრძოლაზე რომანტიკული შარავანდედით უფროა შემოსილი, რადგან სინამდვილეში ცხოველი კოლექტიური ცხოვრების წესის მიმდევარია და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ტოვებს მშობლიურ ხროვას.
მართალია, ოდესღაც მგელი თავზარს სცემდა ადამიანებს, მაგრამ სამყაროს პროგრესთან ერთად ცხოველი იძულებული გახდა დაეთმო საკუთარი ტერიტორიები და უღრანი ტყეების მიუვალ მიდამოებში გადაბარგებულიყო, ზოგიერთი სახეობა საერთოდ გაქრა, ზოგი კი, დღესაც გადაშენების ზღვარზეა.