ამერიკული ონლაინ რითეილერი კომპანია Amazon-ი მუშაობს ტერმინალებზე, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შენაძენის გადახდა ხელის გულის სკანირებით მოახდინონ. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის პროექტი დამუშავების ადრეულ სტადიაზეა. მათივე ცნობით, კომპანია გეგმავს ამ სისტემის დანერგვას კაფეებში, რესტორნებში, სწრაფი კვების ობიექტებში, იმ საწარმოებში, რომელთა თანამშრომლებს დღის განმავლობაში მუდმივად უწევთ მონოტონური ერთი და იგივე ოპერაციების შესრულება.
სტატიის თანახმად, Amazon-მა სისტემის ტესტირებაში დახმარების გასაწევად უკვე მიმართა კომპანიას Visa-ს. მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს MasterCard-თან და ისეთ ცნობილ ფინანსურ კომპანიებთან, როგორებიცაა JPMorgan Chase, Wells Fargo და Synchrony Financial.