იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" კამპანიის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართეს, რათა გაიგონ, განიხილა თუ არა მთავრობამ მათ მიერ შეტანილი პეტიცია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით და რა გეგმა აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებული პეტიცია თითქმის 2 თვეა რაც მთავრობის ადმინისტრაციაში აქვთ შეტანილი, თუმცა რა გეგმა აქვს მთავრობას ამასთან დაკავშირებით და მოიმოქმედებს თუ არა რაიმეს, ამაზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
იურისტ ანა დოლიძის ინიციატივით, სამთავრობო პეტიციების პორტალზე აზარტული თამაშების წინააღმდეგ პეტიცია 2019 წლის 4 ნოემბერს დარეგისტრირდა.