"ანაკლიის კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი შეასრულებს. ამის შესახებ კონსორციუმის განცხადებაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის შესახებ განცხადებებს დააკმაყოფილებს.
ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, საერთაშორისო იურიდიული ფირმის Dentons-ის უფროსი მრჩეველი თედ ჯონასი და Concorde Capital-ის პრეზიდენტი ჟან-პატრიკ ვუაზა.
კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.