ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები იმის შესახებ, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, რომ ნატო-ს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე შეუერთდეს და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.
როგორც მან "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა, საქართველო ნატოს წევრობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ასრულებს, თუმცა გამონაკლისი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემაა. მისი თქმით, პუტინმა იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ, რომ ეს პრობლემა აღნიშნულ ორგანიზაციებში შეიტანონ.
თუმცა, როგორც რასმუსენი აღნიშნავს, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ მზადაა ნატო-ში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გაწევრიანდეს და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის.