დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიხე, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე მივიდა. ექსპერტიზის ბიუროში მას გამოკვლევა ჩაუტარდება.
როგორც ბიუროში შესვლამდე რობაქიძემ განაცხადა, მას დიდი იმედი აქვს, რომ ექსპერტიზაზე გამოვლინდება ის დაზიანებები, რომელიც ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში მიაყენეს. რობაქიძის თქმით, სამართალდამცველებმა მას დაზიანებები ხელისა და მუცლის არეში მიაყენეს.
შეგახსენებთ, დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული პირი გუშინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.
9 იანვარს, ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.