სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ანტონიო გუტერეშმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია განიხილეს. საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქეთს მიკერძოებული პოზიცია უკავია.
„ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლების ესკალაციისგან განსხვავებით, ამჟამად არსებული დაძაბულობა თურქეთის ძალიან აქტიური და არაობიექტური პოზიციით ხასიათდება," - აცხადებენ ნიკოლ ფაშინიანის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ანტონიო გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოხატა არსებული კრიზისის გამო და ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში სამშვიდობო პროცესის აღდგენის აუცილებლობას.
ცნობისათვის, გაეროს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც ესაუბრა და მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.