2020 წლის აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.1%-ით შემცირდა, რაც კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების და შემცირებული ეკონომიკური აქტივობითაა განპირობებული. ამის შესახებ „გალთენდტაგარტის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონის მოხმარება აპრილში წლიურად 18.4%-ით გაიზარდა. ამასთან, დანარჩენი საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 12.9%-ით შემცირდა.
კოვიდ-19-ის შეზღუდვებს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა თელასის აბონენტებზე. 2020 წლის აპრილში, თელასის ელექტროენერგიის მოხმარება თვიურად 23.3%-ით, ხოლო წლიურად 23.0%-ით შემცირდა.
აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილში აფხაზეთის რეგიონის მოხმარება 30%-ით აღემატებოდა თელასის მოხმარებას, როცა ჩვეულებრივ, მისი მოხმარება 30%-ით დაბალი არის ხოლმე. რადგან ენგურის გენერაცია საკმარისი არ აღმოჩნდა რეგიონის გაზრდილი მოხმარების დასაკმაყოფილებლად, 2020 წლის აპრილში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის დიდი ნაწილი (დაახლ. 70%) და საბალანსო ელექტროენერგიის 14.1% ამ რეგიონის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოხმარდა.