ფრედი მერკური - თანამედროვე მუსიკის ლეგენდად და მილიონობით ადამიანის კერპად ქცეული ფრედი მერკური, რომელმაც იშვიათი ქარიზმისა და ექსტრავაგანტულობის წყალობით მოიპოვა პოპულარობა, რეალურ ცხოვრებაში საოცრად მორცხვი, მორიდებული იყო და სწორედ ამიტომ გაურბოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას. მართალია, საკუთარ ნამუშევრებს მუსიკოსი „ყოველდღიური მოხმარებისთვის შექმნილ სიმღერებს“ უწოდებდა, მაგრამ ირონიის მიუხედავად, მისი კომპოზიციების დიდი ნაწილი მაინც შედევრად იქცა და მსოფლიო როკის ოქროს კოლექციაში შევიდა.
ფარუჰ ბულსარა 1946 წლის 5 ნოემბერს დაიბადა ბრიტანეთის კოლონიად ქცეულ ზანზიბარის კუნძულზე, დედაქალაქის ძველ რაიონში, რომელსაც ქვის ქალაქს უწოდებდნენ. მისი მშობლები ბომი და ჯერი ბულსარები ირანული წარმოშობის პარსების ეთნოკომფესიურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და ზოროასტრიზმის მიმდევრებად ითვლებოდნენ, ამიტომ უფროს შვილს მეტად ორიგინალური სახელი დაარქვეს, რაც „მშვენიერს“ ან „ბედნიერს“ ნიშნავს.
1954 წელს უფროსმა ბულსარამ, რომელიც მშობლიურ ზანზიბარში ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს მოლარედ მუშაობდა, ინდოეთში გადაბარგება და ბომბეიში დასახლება გადაწყვიტა, 6 წლის ფარუჰი კი, სახლიდან 150 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ პანჩგანაში გაამგზავრა საკუთარ ძმასთან. მომავალი მუსიკოსი წმინდა პეტრეს ინგლისურენოვან სკოლაში ჩაირიცხა და სწორედ იქ დაინტერესდა პირველად მუსიკით, როცა ბოლივუდის ვარსკვლავს ლატა მანგეშკარს მოუსმინა.