ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს. ბოლსონარუმ პირბადეების ტარების წესიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პირბადეების გამოყენება ვირუსის გავრცელებას ხელს ვერ უშლის. ბრაზილიის პრეზიდენტი პირბადეების, ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო მომავალი ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმს ხშირად გამოხატავს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ბრაზილიელებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. რამდენიმე თვის წინ ბოლსონარუმ „ტვიტერზე“ მომავალ ვაქცინასთან დაკავშირებით იხუმრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მხოლოდ მისი ძაღლისთვის იქნება სავალდებულო. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 6 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 170 000-ს აჭარბებს. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ქვეყანა მესამე ადგილზეა მსოფლიოში, ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი ბრაზილია მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.