შეერთებული შტატები და ნატო-ს პარტნიორები ხმელთაშუა ზღვაში 12-დღიან საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, წვრთნები, სახელწოდებით- "Neptune Strike '22" ორშაბათს დაიწყება და 4 თებერვლამდე გაგრძელდება. წვრთნების მიზანი ნატო-ს საზღვაო შესაძლებლობების დემონსტრირება და გამოცდაა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი და მისი თანმხლები ჯგუფი.
პენტაგონის პრესსპიკერმა განმარტა, რომ საზღვაო წვრთნების ჩატარების შესახებ დისკუსიის ნაწილი მოსკოვთან არსებული დაძაბულობაც იყო, თუმცა „თავად წვრთნები არ არის განკუთვნილი იმ ტიპის სცენარის საწინააღმდეგოდ, რაც შეიძლება მოხდეს უკრაინასთან დაკავშირებით“. საზღვაო წვრთნები არ არის შეტანილი ალიანსის ვებგვერდზე 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ დაგეგმილი წვრთნების სიაში.
"არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, იყო სათანადო განხილვა წვრთნების ჩატარების შესახებ და მთელი ამ განხილვისა და დისკუსიის შემდეგ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან წვრთნების ჩატარება გადაწყდა,“- განმარტა კირბიმ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები იანვარ-თებერვალში ხმელთაშუა, ჩრდილოეთ და ოხოტის ზღვებში და წყნარ და ატლანტის ოკეანეებში მასშტაბურ წვრთნებს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 140 სამხედრო გემი, 60-ზე მეტი თვითმფრინავი, 1 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 10 000 სამხედრო მოსამსახურე.