აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას შედეგები მოჰყვება.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ”თუ ბატონი ნავალნი დაიღუპება, ამას შედეგებს მოჰყვება” და რუსეთი ”საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აგებს პასუხს”.
„ბატონი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მის სიცოცხლეზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. კრემლის თავდასხმები ბატონ ნავალნიზე არის არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ რუსი ხალხის შეურაცხყოფა, რომელთაც სურთ, მათი ხმა გაიგონ,“- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზე ბორელი კი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას ნავალნისთან ის მედიკოსები, რომელსაც ის ენდობა.
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ექიმის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.