აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ფიაზერ/ბიონტექის ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა. კერძოდ, ადმინისტრაციის განმარტებით, ვაქცინის დამატებითი დოზით მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 6 თვის გასვლის შემდეგ უნდა აიცრან დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მიმართ ყველაზე დაუცველი ადამიანები და ასევე ისინი, ვინც, სამსახურის გამო, დაინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 65 წლიდან ასაკისა და მძიმედ დაავადების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების „ბუსტერ“ დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა, თუმცა მესამე დოზის უფრო ფართოდ გამოყენებას და ყველას მოქალაქისთვის შეთავაზებას მხარი არ დაუჭირა. მრჩეველთა კომიტეტის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და ასევე საჭიროა უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემები. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ისრაელმა და ბრიტანეთმა, მოსახლეობის „ბუსტერ“ დოზით აცრა უკვე დაიწყო. აშშ-მა დამატებითი დოზით აცრის ნებართვა დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის გასულ თვეში გასცა და ქვეყანაში მესამე დოზა უკვე 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო.