აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ცივი ომის დროინდელი მზვერავი მტრედების შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტაციაში, რომელიც მანამდე გრიფით საიდუმლო იყო, აღწერილია, როგორ ამზადებდნენ მტრედებს საბჭოთა კავშირში გასაიდუმლოებული ობიექტების გადასაღებად.სადაზვერვო სააგენტოში ასევე იკვლევდნენ, შეუძლიათ თუ არა ჩიტებს მიმაგრებული სენსორების მეშვეობით საბჭოთა კავშირში ქიმიური იარაღის გამოცდის ადგილების იდენტიფიკაცია. 1967 წლისთვის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დელფინების, ჩიტების, კატებისა და ძაღლების გამოყენებით სადაზვერვო პროგრამებზე 600 ათასი დოლარი ჰქონდა დახარჯული. 1970-იან წლებში სადაზვერო სააგენტომ ყველაზე ეფექტურად მტრედების გამოყენება ჩათვალა და სატესტო მისიების ჩატარება დაიწყო. 2000-დოლარიანი კამერა, რომელსაც მტრედებს უმაგრებდნენ, მხოლოდ 35 გრამს იწონიდა. ვაშინგტონის ქუჩებში ჩატარებული ტესტირების დროს ერთ ფირზე გადაღებული 140 ფოტოდან თითქმის ნახევარი კარგი ხარისხის იყო და ბევრად სჯობდა სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს. 1976 წლით დათარიღებული ჩანაწერის თანახმად, ოპერაციის სამიზნედ შეარჩიეს ლენინგრადის ნავსაშენი, სადაც ყველაზე ახალი საბჭოთა წყალქვეშა ნავები მზადდებოდა. ოპერაცია შესაძლებლად იყო მიჩნეული, თუმცა განხორციელდა ის თუ არა, არ კონკრეტდება. თუმცა 1978 წლის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ცხოველებისა და ჩიტების გამოყენების არც ერთი პროგრამა არ იყო რეალიზებული.