შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამთავრობო შესყიდვების შეთანხმების დატოვებას განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იმ დოკუმენტის შავი სამუშაო ვერსია ნახეს, რომელიც ამერიკის ამ შეთანხმებიდან გასვლას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ მისი რეფორმირება და ამერიკული ინტერესებისადმი თანხვედრა არ მოხდება.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამთავრობო შესყიდვების შეთანხმება საშუალებას იძლევა სახელმწიფო შესყიდვები უცხოური კომპანიებისთვის მეტად მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს, ასევე უზრუნველყოს ამ სფეროს გამჭვირვალობა.
შტატების ამ შეთანხმებიდან გასვლა კი ნიშნავს, რომ მისი დანარჩენი მონაწილეები, რომელთა შორის არიან დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა და ევროკავშირი დაკარგავენ პრეფერენციალურ წვდომას ამერიკულ ტენდერებზე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს ეხება.