აშშ-მა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. სადამჯელო ზომები ჯერ მხოლოდ თურქეთის ორი მინისტრის და კიდევ სამი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ ამოქმედდა. სანქციების დაწესების მიზეზი თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია გახდა.
სანქციების ამოქმედების პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რა დროსაც ტრამპმა თურქ კოლეგას სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უახლოეს მომავალში რეგიონში ვიზიტსაც გეგმავს და შეეცდება, რომ კრიზისის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს.
"შეერთებული შტატები აღარ აპირებს, თურქეთის სირიაში შეჭრას შეეგუოს. თურქეთს მოვუწოდებთ, დათმობაზე წავიდეს, დაასრულოს ძალადობა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს", - განაცხადა მაიკ პენსმა.