ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად კი - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის შტატებში 100,442 ადამიანია გარდაცვლილი.
ქვეყანაში მაისის თვეში ვირუსით დღეში საშუალოდ 1 400 ადამიანი იღუპებოდა, რაც აპრილის თვესთან შედარებით ნაკლები მაჩვენებელია, როდესაც ფატალური შემთხვევების საშუალო დღიური რაოდენობა 2 000 იყო.
რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელების დღიდან კორონავირუსით 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ბოლო სამი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1981-1989 წლებში შიდსის ეპიდემიით და ახალი კორონავირუსი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული სეზონური გრიპი.
"როიტერსის" ცნობით, აშშ-ში სეზონურმა გრიპმა ყველაზე მეტი ადამიანი 1957-1958 წლებში იმსხვერპლა, როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 116 000-ს მიაღწია.