აშშ-ში საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან სამართალდამცავებმა 10 000-მდე დემონსტრანტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ამას გარდა, აშშ-ის დედაქალაქში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. "წიწაკის სპრეი" გამოიყენა.
მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.
აშშ-ში საპროტესტო აქციები აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. 25 მაისს 48 წლის მამაკაცმა გონება დაკავების დროს დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოციალურ ქსელში ფლოიდის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელს ფლოიდის კისერზე მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს დაჭერილი. ისმის დაკავებულის ხმა, რომ სუნთქვა უჭირს.