ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა ირანის საიდუმლო ობიექტზე ურანის კვალი აღმოაჩინეს. ამის თაობაზე ოფიციალურ თეირანს განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსს" ინსპექტირების პროცესთან დაახლოებულმა ორმა დიპლომატმა აცნობა.
ირანის ამ "საიდუმლო საწყობის" თაობაზე, რომელშიც სადაზვერვო მონაცემების თანახმად 15 კილოგრამი გამდიდრებული ურანი ინახებოდა, დიდი ხანია ამტკიცებდა ისრაელი.
ირანს 2015 წლის ხელშეკრულების თანახმად ურანის შეზღუდული მარაგის ფლობა შეუძლია. ეს 15 კილოგრამი ურანი კი ოფიციალურ დოკუმენტებში არსად ფიგურირებდა.
"როიტერსის" ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლები ირანმა ამ ობიექტზე დაუშვა. იქ ურანი ვერა, მაგრამ გამდიდრებული ურანის კვალი აღმოაჩინეს. ატომური სააგენტო ირანისგან ამ საკითხზე განმარტებას ელის.