ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ადმინისტრაციული შენობის ორი სართული სამუშაოდ სრულად მზად არის. ნელ-ნელა მოხდება ავლაბრის სასახლიდან ადმინისტრაციული ნაწილისთვის განკუთვნილი ინვენტარის გადმოტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა. მან ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლების დაკომპლექტებაზე ისაუბრა და განაცხადა რომ თითოეულ მათგანთან ცალკე შეხვედრას გამართავს. მისივე ინფორმაციით ადმინისტრაციის შემადგენლობის 60 საშტატო ერთეულამდე შემცირება პირველ იანვრამდე შეუძლებელია. ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფმა რამდენიმე თანამშრომელმა სალომე ზურაბიშვილისგან შეთავაზება უკვე მიიღო, მათ შორის არიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ჯაჯანაშვილი, ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე, კობა ედელაშვილი და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი თამარ გოდერძიშვილი.