საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საბანკო სექტორისთვის კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნები შემცირდა. სებ-ის ამ გადაწყვეტილების შედეგად, კომერციულ ბანკებს დამატებით მილიარდ 600 მილიონი ლარის ფულადი რესურსი გამოუთავისუფლდებათ. ამ თანხით კი ბანკებს ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტების გაზრდა შეეძლებათ.
ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აფასებს. მისი თქმით, ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნების შერბილება კარგი, მაგრამ არასკმარისი ნაბიჯია. მისი თქმით, ცენტრალურ ბანკს უნდა მოეხდინა კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირება, რაც ოპტიმალური ნაბიჯი იქნებოდა როგორც დაკრედიტების, ისე კურსის სტაბილურობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, აუცილებელია რომ შეიქმნას ე.წ. საკურსო დერეფანი. სადაც განსაზღვრული იქნება ლარის ზედა და ქვედა ზღვარი დოლართან მიმართებით. ეს კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.