გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში 29 მაისს, 13:30 საათისთვის გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ადვოკატების პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა. როგორც სხდომის მდივანმა განაცხადა, გიორგანაშვილის უფლებადამცველი გიორგი მახარაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება პროცესს, ხოლო შოთა კახიძე მივლინებით ბათუმში იმყოფება. მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ შემდეგ პროცესზე არ გამოცხადდება დაცვის მხარე, მსჯავრდებულის დაცვას სასამართლოში სახელმწიფო უზრუნველყოფს.საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.