2020 წლის იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 228 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 76 მილიონ 500 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 151 მილიონ 600 ათასი ლარი იყო.ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 15 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 20 მილიონ 600 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, იანვარში 4 მილიონ 900 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 3 მილიონ 500 ათასი ლარი იყო.