2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 239 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 46 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 193 მილიონ 300 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 19 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 24 მილიონ 100 ათასი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, სექტემბერში 12 მილიონ 200 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7 მილიონ 400 ათასი ლარი იყო.