BBC-ის ცნობით, ტუნისელი მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 3 ადამიანი მოკლა, ევროპაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. გამოცემის ცნობით, 21 წლის ეჭვმიტანილს „წითელი ჯვრის“ იტალიის წარმომადგენლობის დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც გასულ თვეში, იტალიის კუნძულ ლამპედუზაში მიგრანტთა ნავით მისი ჩასვლის შემდეგაა გაცემული. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს სამართალდამცავებმა დაკავებისას ესროლეს და ის ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ერთ-ერთ ქალს თავი მოჰკვეთა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი იმეორებდა ფრაზას „ალაჰ აკბარ“.
საფრანგეთის ხელისუფლებამ მომხდარი „ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა და ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.