ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ერთ-ერთი დემონსტრანტი შეეცადა სამართალდამცავების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა , თუმცა ის ხელში აუფეთქდა,“- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მისივე თქმით, ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ბელარუსში საპროტესტო აქციები ორი დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.23% მიიღო. ბელარუსის პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.