მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსი" 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება "ქარვასლაში" გაიმართა, რომელსაც გამომცემლობის დამფუძნებლები, მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებიც 10 წლის გაყიდვების რაოდენობით გამოიკვეთა. ნომინაციაში "ბიბლუსის" ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ქართული რომანი" დათო ტურაშვილმა გაიმარჯვა, რომანით "ჯინსების თაობა"; "ბიბლუსის" ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი თარგმნილი ლიტერატურა" გაიმარჯვა "პალიტრა L”-მა; "ბიბლუსის" ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი საყმაწვილო ლიტერატურა" - გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური"; "ბიბლუსის" ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პროზაული კრებული - გოდერძი ჩოხელი; "ბიბლუსის" ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პოეზიის კრებული - ნიკო გომელაური; "ბიბლუსის" ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი საბავშვო ლიტერატურა - "დიოგენე".