მშენებლობის სექტორში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 60.9 მლნ დოლარით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 8.3 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 69 მლნ დოლარს აჭარბებდა. ამასთან, შემცირებულია მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც. კერძოდ, 2019 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 12 745 ადამიანით შემცირდა. დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა უძრავი ქონების სექტორში გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ. კერძოდ სამშენებლო სექტორში გაყიდვებმა თითქმის 35 %-ით იკლო. ამის მიზეზად დეველოპერები საბანკო რეგულაციებს ასახელებენ. საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირებენ ინვესტიციების შემცირებასაც. დეველოპერული კომპანია ,,არსის“ გენერალური დირექტორის თქმით, პრობლემას ისიც ემატება, რომ ბოლო დროს სამშენებლო სექტორში ერთდროულად მიღებული რეგულაციების სიმრავლემ, სამუშაო პროცესი გაართულა, რამაც თავისთავად, სექტორის განვითარება შეაფერხა. რაც შეეხება 2019 წლის მოლოდინებს, დეველოპერები ფიქრობენ, რომ წლის ბოლომდე უძრავ ქონებაზე ფასი გაიზრდება, ინვესტიციები კი შემცირდება