ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. საანგარიშო პერიოდში მისი მოცულობა 12 მილიარდ 800 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 19.8 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.9 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში 18 მილიარდ 300 მილიონი ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 10 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინა.