2019 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალი, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. ამასთან, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652 ათას 200 კაცი შეადგინა.
2019 წლის მე-3 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.
ცნობისთვის, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა.