ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყანაში დღეს არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ და პრობლემის აღმოფხვრის გზებს განიხილავენ. მათი თქმით, ეკონომიკური შოკის დაძლევისთვის აუცილებელია მთავრობის და ბიზნეს სექტორის კოორდინირებული მუშაობა. მათივე თქმით, საჭიროა რომ მთავრობამ უახლოეს დღეებში მიიღოს გადაწყვეტილება იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სამსახური დაკარგეს. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ გეგმის ეფექტურობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და აუცილებელია, რომ სწორად განისაზღვროს პრობლემის სიღრმე. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს არსებული შოკური ვითარება დროში გაიწელა, ეს ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.