2020-ის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ასევე შემცირდა საშუალო ხელფასიც. საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631 ათას 800 კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში ათას 175 ლარსა და 60 თეთრს გაუტოლდა, მათ შორის ქალების ხელფასმა - 916 ლარი და 30 თეთრი შეადგინა.
საწარმოთა ზომის მიხედვით კი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – ათას 204 ლარი და 10 თეთრი; საშუალო ბიზნესი – ათას 289 ლარი და 90 თეთრი და მცირე ბიზნესი – ათას 55 ლარი და 20 თეთრი.