მსოფლიო ბაზრებზე უძრავ ქონებაზე მზარდი ფასები მათ სულ უფრო მიუწვდომელს ხდის. ამასთან, პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარზე გლობალურ კრიზისამდე მიგვიყვანა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
სარედაქციო მასალაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა, ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ ბინების შეძენა მათზე გაზრდილი ფასების გამო. ასე მაგალითად ამერიკული სააგენტო Freddie Mac-ის მონაცემებით, შტატებში ბინების ფასი 2 ათასიანების პიკურ ფასებთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი. მასალაში ასევე წერია, რომ გაზრდილია ქირის ფასიც.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ცალკეულ ქვეყნებში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა ძალიან ჰგავს 2008-2009 წლების ფინანსურ კრიზისამდე პერიოდს.
როგორც საკონსულტაციო კომპანია Knight Frank 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასი მსოფლიოს 55 ქვეყანაში 9,2%-ით არის გაზრდილი. ზრდის მხრივ აბსოლუტური ლიდერია თურქეთი, შემდეგ მოდის ახალი ზელანდია მესამე პოზიციაზე კი შტატები და სლოვაკეთი არიან.