ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათგან ორი საარჩევნო ბლოკი იყო და ორივე ბლოკი ერთად, შვიდ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა. ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“. დაწესებული ვადის დასრულების მიუხედავად, ცესკოს ვალდებულია პარტიები გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს დამატებით სამი დღე აქვთ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ. თუკი ზემოთაღნიშნული პარტიები დადგენილ ვადაში თანხმობას კვლავ არ წარადგენენ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას დაკარგავენ. ახალი წესით, დაფინანსება დამოკიდებულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე - სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მოიპოვა. პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის განსაზღვრულია 15 ლარი, ხოლო თითოეული შემდგომი ხმისთვის - 5 ლარი. აღნიშნული თანხის გარდა, პარტიები ასევე დამატებით დაფინანსებას მიიღებენ გენდერული კვოტის დაცვის გამო.