The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, „ბოინგ 737 მაქსზე“ მომუშავე ინჟინრებს, ფრენის კონტროლის სისტემაზე მუშაობისას რამდენიმე იმ სენსორის დაყენება გამორჩათ, რომლებიც სისტემის ადრეულ ვერსიაზე მუშაობდა. ეს ადრეული ვერსია პირველად სამხედრო საჰაერო ტანკერზე გამოიყენეს და ის ყოველგვარი პრობლემის გარეშე მუშაობდა.სისტემა მრავალი სენსორისგან ღებულობს სხვადასხვა ინფორმაციას. როგორც გამოცემას ამ სისტემის მცოდნე პირმა შეატყობინა, სისტემის დანიშნულება ისაა, რომ პილოტის მიერ თვითმფრინავზე კონტროლის დაკარგვის, ან არასწორი ქმედების შემთხვევაში, ავტომატურად იმოქმედოს და თვითმფრინავის უსაფრთხოება უზრუნველყოს. მაგრამ „737 მაქსზე“ ამ სისტემას მხოლოდ ერთი ან ორი ის სენსორი ემსახურება, რომლებიც თვითმფრინავის ცხვირის ნაწილის დახრას ზომავენ. შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში „ლაიონ ეარის“ და ეთიოპიაში „ეთიოპიან ეარის“ კუთვნილი „ბოინგ 737 მაქსის“ კატასტროფებს, ჯამში 346 ადამიანი ემსხვერპლა.