მარნეულში, სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ორსული რომელიც თბილისში გადმოიყვანეს 25 კვირის ორსულია.
ტურძელაძის განცხადებით, ორსულის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. მან ასევე განმარტა, რომ პაციენტთან ენის ბარიერია, რის გამოც კონტაქტების ისტორიის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.
ექიმის ინფორმაციით, ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 ადამიანი.
ცნობისთვის, 79 ადამიანიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.