უკვე 20 წელზე მეტია, რაც 72 წლის შოთა გაგუას ყოველი დღე დილის ცხრა საათიდან, პანთეონის ქვის ჩუქურთმებში ძეგლებად ქცეულ ბუმბერაზებს მტვერისგან ათავისუფლებს. გაწეული შრომისთვის, ბევრ მადლობას იღებს. მისთვის კი, ბედნიერებაა ყოველდღიურად კორიფეთა საფლავების მოვლა. ჭაღარა მთაწმინდა და ჭაღარა შოთა პაპა ერთმანეთს შეაბერდნენ, თუმცა არცერთი თავს არ უტყდება. ერთანეთს მხოლოდ მაშინ შორდებიან, როცა მის ნაცვლად, პანთეონს მთვარე დარაჯობს. ყველა მათგანის შემოქმედებას იცნობს, რამდენიმესთან მეგობრობა აკავშირებდა. ეს მეგობრობა მათი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. ბევრს არ საუბრობს, ყველა მათგანს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით უვლის. პანთეონში მოსული ადამიანებიც მისი საქმიანობის მიმართ პატივისცემას და სიყვარულს სხვადასხვანაირად გამოხატავენ.გული ბევრ რამეზე სწყდება, მათ შორის განვლილი ცხოვრების კონკრეტულ ეტაპებზე, თუმცა ამბობს, რომ ის უკვე წარსულია და ვერაფერს შეცვლის. პანთეონში სტუმრების რაოდენობას არ უჩივის, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლები თანამემამულე მოდისო, დარდობს. თუ ხუთი წლის წინ ამ ადგილს ყოველდღიურად 300-მდე ადამიანი სტურმობდა, ახლა მისი ნახევარიც აღარ არისო.კიდევ იმდენ წელს იმუშავებს რამდენსაც ღმერთი ინებებს. ერთი რამ კი ზუსტად იცის, თუ დამოუკიდებლად სიარული გაუჭირდება, ოჯახის წევრების დახმარებით მაინც ყოველ დღე მოვა ამ ადგილას და შეეცდება ის აკეთოს, რასაც ახლა დიდი რუდუნებით ემსახურება.