ჩინეთმა ილონ მასკის პროექტ Starlink-ის გამო გაეროში ოფიციალური საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პეკინში აცხადებენ, რომ მათ ორბიტალურ სადგურს წლის განმავლობაში ორჯერ მოუწია საგანგებო მანევრების განხორციელება, რათა Starlink-ის თანამგზავრებთან შეჯახება აეცილებინა თავიდან.
ჩინეთის პრეტენზიები, რომლებიც გაეროს კოსმოსური სივრცის საკითხების სამმართველოშია გაგზავნილი, დამოუკიდებელ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. საჩივრის შეტანის შემდეგ ჩინეთის სოციალურ ქსელებში მასკს აკრიტიკებენ.
SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა თანამგზავრების გლობალური სისტემის, Starlink-ის პროექტი სამი წლის წინ წარადგინა. პროექტის მიზანი მთელი პლანეტის ინტერნეტით უზრუნველყოფაა. პროექტის ფარგლებში კოსმოსში უკვე 1 900 თანამგზავრია გაშვებული, ჯამში კი კომპანიამ აშშ-ის ფედერალური კომისიისგან დედამიწის ორბიტაზე 12 000 თანამგზავრის გაყვანის ნებართვა მიიღო.