ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს გაატაროს ზომები, რათა ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების თავიდან აიცილოს.
"ჩვენ ვაკვირდებით უკანასკნელ მოვლენებს, რომელიც ფლოიდის სიკვდილს უკავშირდება. შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ძაო ლიჟიანმა.
მისი თქმით, აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაცია სოციალური დაავადებაა, რაც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ძაო ლიჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები შტატებში მიმდინარე პროცესებში ერეოდნენ.
"ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ჯობია საკუთარ საქმეებს მიხედონ", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, უკვე მეექვსე დღეა აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა.