ჩინეთს სურს, რომ ფილიპინებზე ონლაინ თამაშები ყველანაირი ფორმით აიკრძალოს. ჩინეთი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე ძლიერ ზეწოლას ახორციელებს იმისთვის, რომ მათ ონლაინ თამაშების ბიზნესი შეაჩერონ.
ჩინეთის ხელისუფლება თვლის, რომ გემბლინგის არხებით, ქვეყნიდან ასეულობით მილიონი იუანი არალეგალურად გაედინება, რაც ეკონომიკას აზარალებს. ბოლო წლებში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ფილიპინები და კამბოჯა, ონლაინ თამაშების ნამდვილი ბუმია. ამას კი ჩინეთიდან მოთხოვნის ზრდა უზრუნველყოფს.
ფილიპინების სათამაშო ბიზნესის რეგულატორი აცხადებს, რომ არსებული ონლაინ კაზინოების აკრძალვას არ აპირებს, თუმცა, წლის ბოლომდე, ახალ ლიცენზიებზე განაცხადების მიღებასაც აღარ გააგრძელებს. ონლაინ თამაშების ოპერატორებზე ახალი ლიცენზიების გაცემა, კამბოჯაშიც შეწყვეტილია. არსებული ლიცენზიების განახლება კი, მათ ამოწურვამდე არ მოხდება.