ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 175-მდე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს. 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა ყველა შესაბამის სამსახურს საგანგებო მდგომარეობაში მუშაობისკენ მოუწოდა, რათა სამძებრო და სამაშველო ოპერაციები დროული იყოს და მსხვერპლის რიცხვი არ გაიზარდოს. სამუშაოებს მონიტორინგს პირადად ქვეყნის პრემიერ მინისტრი უწევს. სიჩუანის პროვინციაში მომხარი მიწისძვრის შემდეგ, მიწისქვეშა რყევები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სინძიანის ავტონომიურ რეგიონშიც დაფიქსირდა. აქ მიწისძვრის სიმძლავრე 6,6 მაგნიტუდა იყო. რეგიონში დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.