ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მსოფლიოში პირველი პროგრამა შექმნეს, რომელსაც პროკურორის ნაცვლად შეუძლია სისხლის სამართლის საქმის შესწავლა და ბრალის წაყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროგრამა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტებმა შანხაის პროკურატურის დაკვეთით შექმნეს. ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა 17 ათასი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც პროკურატურა 2015-2020 წლებში განიხილავდა. ავტორების თქმით, პროგრამა საქმის დაახლოებით ათას პარამეტრს აანალიზებს და 97% შემთხვევაში ბრალის წაყენების შესახებ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.
პროკურორები ჩინეთში ხელოვნურ ინტელექტს 2016 წლიდან იყენებენ. საუბარია პროგრამაზე „სისტემა 206“, რომელიც ბრალდების მტკიცებულებების დამაჯერებლობასა და სავარაუდო დამნაშავის საზოგადოებისთვის საფრთხეს აფასებს. ამის შემდეგ პროგრამა აღკვეთის ღონისძიების რეკომენდაციას იძლევა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პროკურატურის თანამშრომლები იღებენ.
ახალ პროგრამას კი პროცესის ადამიანის ჩართულობის გარეშე განხილვა შეუძლია. ამ ეტაპზე ის დანაშაულის 8 ტიპთან მუშაობს - მათ შორის საბანკო ბარათებიდან თანხების მოპარვა, ქურდობა, თაღლითობა, უკანონო აზარტული თამაშები და ა.შ.
პროგრამის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ პროგრამა პროკურატურის თანამშრომლებს რუტინული საქმეებისგან გაათავისუფლებს და უფრო სერიოზული ამოცანების გადასაწყვეტად მეტ დროს მისცემს. ინიციატივის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი საკმაოდ დიდია და გაურკვეველია ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი - პროკურორი თუ პროგრამის ავტორი.