გასული საუკუნის 30-იანი წლების ყველაზე ცნობილი განგსტერის ჯონ დილინჯერის ისტორია, რომელმაც ბანკების მოხერხებულად ძარცვის, განსაკუთრებული იღბლიანობის და გამბედაობის წყალობით დაიმსახურა ამერიკული საზოგადოების პატივისცემა, ხშირად მიმართავენ ლიტერატორები და რეჟისორები. გამონაკლისი არც მაიკლ მანი აღმოჩნდა, რომელმაც ცნობილი ჰიტების "ქურდი", "შერკინება" და "თანამონაწილე" შემდეგ, სწორედ დილინჯერის ცხოვრების უკანასკნელი ერთი წლის შესახებ მოუთხრო მაყურებელს. ფილმს ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის და პუბლიცისტის ბრაიან ბაროუს დოკუმენტური რომანი "საზოგადოების მტრები" დაედო საფუძვლად, რომლის ადაპტირებაზე მაიკლ მანიც აქტიურად მუშაობდა სცენარისტებთან - ენნ ბიდერმანთან და რონან ბენეტთან ტანდემში.