უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება სანქციების მომხრე არ არის. აღნიშნული კომენტარი ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის ინიციატივაზე გააკეთა.ნინო გვენეტაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლების სურვილია იყოს დიალოგი საზოგადოებასთან და ჟურნალისტთა კორპუსთან იმ საკითხებზე, რაზეც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის მკვეთრ ზღვარს მხოლოდ საკუთარი პრაქტიკითა და ეთიკური სტანდარტების გამოყენებით დაადგენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 4 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს. ამასთან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და გააკრიტიკა მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გამოთქმული მოსაზრებები. საბჭოს შეფასებით, ეს განცხადებები წარმოადგენს სასამართლო სისტემის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობას და მოსამართლეთა ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას.