ამერიკული პრერიების პირველმოსახლე ბიზონი, რომელიც ოდესღაც ჩრდილოეთ ამერიკის მთელ კონტინენტზე ვრცელდებოდა, დღეს კი, მხოლოდ კანადის სამხრეთით და შეერთებული შტატების ცენტრალურ რაიონებში შემორჩა, პლანეტის უძველესი ბინადარია. პირველყოფილი ბიზონი 5 მილიონი წლის წინ გაჩნდა, თუმცა ნაკლებად ჰგავდა თანამედროვე მემკვიდრეს, რადგან გაბარიტებითაც აღემატებოდა და ბეწვიც ბევრად ხშირი და გრძელი ჰქონდა. კლიმატურ ცვლილებებთან ერთად ბიზონმა პირვანდელი იერი დაკარგა და მართალია, მისი მემკვიდრე სწრაფად მოერგო ახალ პირობებს, მაგრამ სერიოზულად შეთხელდა გაბარიტებში.
უმსხვილესი წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარა ბიზონი ძროხისებრთა ოჯახიდან, აგებულებით და შეფერილობით მონათესავე დომბას ჰგავს, თუმცა მასზე ბევრად მასიურია. მამრი ბიზონი ტონაზე მეტს იწონის, მდედრი კი, შედარებით მოკრძალებულია, მაგრამ არანაკლებ შიშისმომგვრელად გამოიყურება თავისი 700 კილოგრამით. სამწუხაროდ, დღეს სუფთა სისხლის ბიზონი ნაკლებად შემორჩა, რადგან ზედმეტად გაშინაურდა დომბასა და ძროხასთან. მართალია, ბიზონის და დომბას ნაშიერი მშობლებზე გამძლე და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, მაგრამ ორივე ცხოველს შეუქმნა გამრავლების და გავრცელების საფრთხე.