გაჩერებული საწარმოები, დახურული მაღაზიები და კვების ობიექტები, შემცირებული ეკონომიკა - ეს კორონავირუსის პირველი ნეგატიური შედეგია ჩინეთის ეკონომიკაზე. საერთო ჯამში კი, როგორც CNN-ი საერთაშორისო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის ეკონომიკა კორონავირუსის გამო 60 მილიარდი დოლარით იზარალებს.
The New York Times-ს ცნობით, კორონავირუსის გამო ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე 0.5%-ით შემცირდება და 6.1%-ის ნაცვლად 5.6%-ს შეადგენს. ჩინეთის ეკონომიკის მასშტაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე კი ეს ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზეც აისახება და ნავარაუდევი 2.3%-იანი ზრდის ნაცვლად 2.1%-მდე შემცირდება.
სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის გამო ჩინეთში წარმოებულ ასობით სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის მობილურ ტელეფონებზე, ტექნიკასა და
საყოფაცხოვრებო ნივთებზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა.
კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ჩინეთის ხელისუფლებამ 150 მილიარდი იუანი ანუ 22 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოყო. აღნიშნული თანხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.