სერიალი "დანაშაულის იმპერია", რომელმაც 2010 წელს, პრემიერის პირველ დღესვე 7-მილიონიანი აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა, დღეს უკვე ტელევიზიის ისტორიაში საუკეთესო დრამატული სერიალის ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ტელეკომპანია HBO მართლაც გრანდიოზულ პროექტს შეეჭიდა და არაჩვეულებრივი სანახაობა შესთავაზა სერიალების მოყვარულებს. ტელენოველა ნელსონ ჯონსონის რომანის "ფიცარნაგის იმპერია: დაბადება, მმართველობის ხანა და კორუფცია ატლანტიკ-სითიში" მიხედვით შეიქმნა, რომელიც მართალია, მეტწილად ავტორის მიერ გამოგონილი ისტორიაა, მაგრამ მაინც რეალურად არსებული ადამიანების - გასული საუკუნის 20-იანი წლების განგსტერების ისტორიას აღწერს, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ენოჰ "ნაკი" ჯონსონი იყო. "ყოველთვის ძლიერ პიროვნებად ვთვლიდი ჯონსონს და დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ისტორიით ბევრი დაინტერესდებოდა, რადგან ის ერთადერთია, ვინც 1920-იანი წლების დასაწყისში ბრწყინვალედ შეძლო ორი აბსოლუტურად განსხვავებული როლის მორგება და ჯერ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, რესპუბლიკური პარტიის წევრი, მერე კი, უძლიერესი კრიმინალური დაჯგუფის ლიდერი გახდა, - აღნიშნა ავტორმა, რომელმაც საკუთარი რომანის ტელევერსიად გადაკეთება კიდევ ერთი განგსტერული ტელესაგის "სოპრანოს კლანის" შემქმნელს ტერენს უინტერს ჩააბარა.