ეს არის პარლამენტის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, როდესაც ადამიანს ამხელა თანამდებობა გიკავია და თავად ვერ ახერხებ, რომ გვითხრა, რაშია საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7vs1” განაცხადა. ამით უსუფაშვილი გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობიდან გადადგომას. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს შეურაცხყოფა მიაყენა იმით, რომ თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძის ნაცვლად სხვამ გააკეთა.„ხელისუფლებას კობახიძის წასვლის თაობაზე იმ საღამოსვე რომ მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენ ავიცილებდით ძალიან ბევრ საშინელებას. ეს არ არის ზოგადი განცხადება, რომ ზოგადად დაზარალდა რაღაცა. აქ არის კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, რომლებსაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ.გავრილოვმა საქართველოს პარლამენტს შეურაცხყოფა და მოქალაქეებს მორალური ზიანი მიაყენა, თუმცა არანაკლები შეურაცხყოფა მიაყენა „ქართულმა ოცნებამ“ იმავე საქართველოს პარლამენტს კობახიძის იმ გზით გადაყენებით, რაც ჩვენ ვნახეთ. თვითონ იდგა და სხვა ლაპარაკობდა იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგაო. რეგლამენტში შემთხვევით არ წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადადგეს საჯარო განცხადებით ან პარლამენტის წერილობითი მიმართვით. ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, თანამდებობის მეორე პირი, რომელსაც ან საუბრის უნარი არ ჰქონდა, ან საშუალება არ მისცეს. ეს არის პარლამენტის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, როდესაც ადამიანს ამხელა თანამდებობა გიკავია და თავად არ ან ვერ ახერხებ იმას, რომ გვითხრა, რაშია საქმე და დასჯილი ბავშვივით დგახარ გვერდზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.მისივე თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის 150 ადგილი, ასე, რომ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში სკამი აქვს."გინდაც "ნაგავრილოვარ“ სკამზე აღარ დაჯდეს, ის სხვა სკამზე დაჯდება. ბოლოს და ბოლოს, ზაქარია ქუცნაშვილის სკამი გათავისუფლდა. სკამების პრობლემა იქ არ იქნება“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.