დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში 1,9 მილიონი ბავშვი სკოლაში ვერ დადის. ამის მიზეზი რეგიონში ძალადობრივი ქმედებები და არასტაბილური გარემოა. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ. სპეციალისტების თქმით, არსებობს საფრთხე რომ ბავშვები, რომლებიც სკოლებში ვერ დადიან, შეიარღებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შეუერთდნენ.
იუნისეფის ცნობით, მიმდინარე წელს ივნისის მონაცემებით, აფრიკის რვა ქვეყანაში 9000-ზე მეტრი სკოლა დაიხურა, მათ შორის ბურკინა-ფასოში, კამერუნში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩადში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მალიში, ნიგერსა და ნიგერიაში. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის მონაცემებთან შედარებით სამჯერაა გაზრდილი.
სკოლების დახურვით 44 000-ზე მეტი მასწავლებელი დაზარალდა. ბავშვები კი გარდა დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან კავშირის, ასევე ექსპლუატაციის, ნაადრევი ქორწინებისა და ნაადრევი ორსულობის საფრთხის წინაშე დგანან.
გარდა ამისა, იუნისეფის ცნობით, აფრიკის ხუთ ქვეყანაში მიმდინარე წელს სკოლებზე ასობით თავდასხმა განხორციელდა. მალიში მაგალითად მსგავსი შემთხვევები ბოლო ორ წელიწადში გაორმაგდა.